ერთგვარი შეჯამება

დღეს თქვენი მონა-მორჩილის 29-ე წლის ბოლო დღეა.

მიუხედავად ხანგრძლივი პაუზისა, ამხელა ამბავი, ასე უთქმელად ვერ ჩაივლიდა.

ოციანი წლები სრულდება.

ღმერთი, რჯული, დიდებული წლები იყო!

ჭეშმარიტად ბობოქარი,
სავსე საოცარი თავგადასავლებით,
გამოცდილებებით, ადამიანებით, ურთიერთობებით, გაკვეთილებით და ბედნიერებებით.

ჭეშმარიტად მშვენიერი რეტროსპექტულად.

დაბადების წამიდან, ადამიანები მუდმივად რაღაცას ვსწავლობთ.

ვსწავლობთ სუნთქვას, ჭამას, სიარულს, ცურვას, ფიზიკას, ქიმიას, გეოგრაფიას, ფილოსოფიას, მორალურ თუ ზნეობრივ ღირებულებებს, იმას თუ რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და ა.შ. დაუსრულებლად.

ოციან წლებში, როდესაც ნელ-ნელა ვიწყებთ რეალური ცხოვრებისთვის თვალის გასწორებას, გვიწევს ნასწავლი თეორიების პრაქტიკაში გადატანა.
სწორედ აქ იწყება ცხვირის წამტვრევა / მიშენების დაუსრულებელი ციკლები.
იქამდე სანამ ჩვენი ცხვირები მეტ-ნაკლებად საბოლოო ფორმებს მიიღებენ.

ჩემმა ოციანმა წლებმა საოცარი გამოცდილებები მოიტანა, ეს იყო საკუთარი თავის, ძალების, უნარების, პოტენციალების –
აღმოჩენის,
გაცნობის,
შეცნობის,
შემეცნების,
გასიგრძეგანების
და, რაც მთავარია – დაფასების წლები.

ოციანი წლების ბოლოს ზუსტად ვიცი სადაა თამასა.

და შემიძლია თამამად ვთქვა –
ზუსტად ვიცი რა მინდა.
ზუსტად ვიცი რა არ მინდა.
ზუსტად ვიცი სად მინდა რომ ვიყო.
ზუსტად ვიცი სად არ მინდა რომ ვიყო.
ზუსტად ვიცი ჯანსაღი ურთიერთობების ფასი.
ზუსტად ვიცი მეგობრობის ფასი.
ზუსტად ვიცი ბედნიერების ფასი.

ზუსტად ვიცი რომ ყველა მთავარი ურემი გადატრიალებული,
გამოჩენილი გზა კი შესანიშნავია.

ოციან წლებს ვასრულებ ჩემი ცხვირის საუკეთესო ვერსიით.

რადგან ყოველი ცხვირის წამტვრევა, ავტომატურად ნიშნავს კიდევ უფრო მშვენიერი ცხვირის დაბადებას.

ოციანი წლების ბოლოს ვარ ბედნიერი.
ბედნიერი ჩემი ადამიანებით.
ბედნიერი ჩემი გაკვეთილებით.
ბედნიერი ჩემი ცხოვრებით.

ბედნიერი ჩემი ცხვირით.

და ოციანი წლების ბოლოსაც, გავიმეორებ იმას, რასაც ვამბობ რაც თავი მახსოვს –

მთავარია ბედნიერება ❤

პატივისცემით,
თქვენი მონა-მორჩილი


Published in: on ივლისი 4, 2023 at 9:49 PM  კომენტარის დატოვება  

Looking Forward 💫

Published in: on ივლისი 11, 2022 at 3:12 PM  კომენტარის დატოვება  

About perspectives 💫

Published in: on ივნისი 23, 2022 at 3:10 PM  კომენტარის დატოვება  

მიწურულის ესკიზი

ხანდახან ადამიანებს სუნთქვა გვეკვრება.

გვინდა რომ გავჩერდეთ,
ჩამოვსხდეთ,
ღრმად ჩავისუნთქოთ,
ღრმად ამოვისუნთქოთ,
ფილტვების გრძნობამდე.

მაგრამ დაგროვილი ბრაზი, სევდა თუ წყენა, ხშირად ამის საშუალებას არ გვაძლევს.

რაც არ უნდა ვაიგნორებდეთ რაღაცებს ცნობიერ დონეზე,
რაც არ უნდა ვაობიექტურებდეთ,
და რაც არ უნდა ემოციებისგან დაცლას ვცდილობდეთ,

ქვეცნობიერს, ორგანიზმს ვერ მოატყუებ.
და ორგანიზმიც სასოწარკვეთილი გთხოვს რომ ამოისუნთქო.
გთხოვს რომ იყვირო.
გთხოვს რომ იკივლო.
გთხოვს რომ იჩხუბო.
გთხოვს რომ გამოუშვა ის ყველაფერი რაც სუნთქვას გიკრავს,
რაც გახრჩობს.

მაგრამ ვერ.
მაგრამ არ.
ისევ და ისევ იგივე მიზეზებისადა გამო.

ისევ და ისევ ტრიალებ იგივე წრეზე.

რადგან უკვე ყველა პასუხი იცი.
უკვე იცი სად მიდის ყველა გზა.
ამიტომ აღარც ცდილობ ჭიქაში ქარიშხლის კიდევ ერთხელ დატრიალებას.

უბრალოდ ტრიალებ წრეზე.
ცხადია ნაკლები ინტენსივობით,
ბოლოსდაბოლოს ამდენი ტრიალით შენც ისწავლე რაღაცები.

სწორი ატრიბუცია,
და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა.

გამოსავალიც ძალიან კარგად იცი.
ნათელია.

მაგრამ, ხანდახან ეს ყველაფერი იმდენად გახრჩობს, გძირავს და გგუდავს,
დიდი, წითელი კითხვა/ძახილის ნიშნებიც გიჩნდება.

ნიშნები რომლებიც კიდევ უფრო მეტად გახრჩობენ, გძირავენ და გგუდავენ.

კი, ნამდვილად არის ტოქსიკური პატერნი.

და იქამდე სანამ ამ ტოქსიკური წრეს გაარღვევ,
გიწევს რომ გული დამალო.
შორს,
მოსხლეტით რომ არ გადაიჩეხოს სადმე.

თქვენს მონა-მორჩილს ყოველთვის ერთი მთავარი მამოძრავებელი პრინციპი ჰქონდა, აქვს და ექნება – საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ყველა ცვლადის თანაბარი არსებობის პირობებში.

ცხოვრებაში ყველაზე საშიში კითხვა, რომელიც შეიძლება საკუთარ თავს დაუსვა არის –
“რა იქნებოდა რომ?”

ჩემი სურვილია არასდროს დავუსვა თავს ეს უძიროდ სევდიანი კითხვა.

მთავარია იქამდე დადგეს ყველა ცვლადი,
სანამ ჩემი ფსიქოსომატური ხრჩობა რეალურ ხრჩობად გადაიქცევა.

იქამდე კი გავუძლებთ.
ბოლოსდაბოლოს, ცურვა არ ვიცი, მაგრამ მაინც ვცურავ,
და მიწაზე, ორი ფეხით მყარად მდგარი, პრინციპულად ვერ და არ დავიხრჩობი.

ტოქსიკური პატერნების გარღვევაზე უკეთესს,
რას გისურვებთ ტკბილებო და შაქარლამებო?!

ვერც ვერაფერს!

პატივისცემით,
თქვენი მონა-მორჩილი

Published in: on ნოემბერი 21, 2021 at 10:06 PM  კომენტარის დატოვება  

HBD Universe 💛💛💛

Published in: on სექტემბერი 5, 2021 at 8:45 PM  კომენტარის დატოვება  

Lessons to be learned 💫

Published in: on აგვისტო 1, 2021 at 1:34 PM  Comments (2)  

1827 Days of Sunshine 💛💫

Published in: on მაისი 3, 2021 at 9:08 PM  კომენტარის დატოვება  

ფიქრები ურემზე

გამარჯობა ტკბილებო და შაქარლამებო! ❤ 

დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ გონებისეულ წიაღსვლებზე.
მოგეხსენებათ, ჩვენი გონება და ფსიქიკა უსასრულოდ შეუცნობელი სამყაროა.

ამ ბოლო დროს, თქვენმა მონა-მორჩილმა კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება აღმოაჩინა.

წლების განმავლობაში (არც მეტი, არც ნაკლები, აგერ მეხუთე წელია) მქონდა მიზნად კონკრეტული რაღაცის მიღწევა.

დავარქვათ ამ კონკრეტულ რაღაცას უბრალოდ მიზანი,
დეტალიზაცია არა მგონია საჭირო იყოს.

წლების განმავლობაში, ამ გადმოსახედიდან, თქვენი მონა-მორჩილი მხოლოდ წარმოდგენებში იბრძოდა ამ მიზნის მისაღწევად.
რეალურად უზომოდ ბევრი კომფორტის დათმობა მოუწევდა,
რაც იმ დროში მისთვის წარმოუდგენელი იყო.

იმ დროში, იქ და იმ წამს გულის მოოხება უფრო მნიშვნელოვანი იყო,
ვიდრე დროში საკმაოდ ხანგრძლივი მიზნის მიღწევა.

თუმცა ეს დროც დადგა.

2020 წელს თქვენმა მონა-მორჩილმა მიზნის 70-80%-ს მიაღწია.

დარჩა 20-30%.

თითქოს რა არის ხომ?
რაღა დარჩა,
გასული ხარ ბოლოში.  

თუმცა, რაც უფრო მეტი პროცენტია მიღწეული,
მით უფრო ძნელდება საქმე.

როდესაც კომფორტის ზონიდან გამოდიხარ და ემზადები რეალობასთან შესაჯახებლად,
გონება ათას ხრიკს გიწყობს.

ფიქრობ ყველა შესაძლო ვარიანტზე.
ფიქრობ იმაზე, რომ ვაი და არც არაფერი შეცვალოს ამ მიზნის მიღწევამ?
ან ვაი და, არც იმდენად შეცვალოს, რამდენადაც გინდა.
მერე?

რაც უფრო მეტად გამოდიხარ კომფორტის ზონიდან,
რაც უფრო მეტ ძალისხმევას დებ.
რაც უფრო მეტს იკლებ ამ მიზნისთვის.
მით უფრო მეტად გაშინებს შენი ფსიქიკა.

ჩვენი გონების მიზანიც ეგაა ალბათ,

უმჯობესია თეორიულად ყველანაირი ტკივილისთვის ვიყოთ მზად,
თუნდაც წარმოდგენებში არსებულის,
ვიდრე ერთიანად შეგველეწოს ვარდისფერი სათვალეები გახელილ თვალებში.

კარგი ანდაზა გვაქვს ერთი – „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“

ურემის გადაბრუნება ყოფილა ყველაზე მტკივნეული მომენტი.

გაურკვეველი მოლოდინი,
როცა ურემი მაინცდამაინც გზაჯვარედინზეა და არ იცი რომელი გზა გამოჩნდება.

ის, რომელიც გინდა დღიდან დასაბამისა.
თუ ის, რომელიც არ გინდა დღიდან დასაბამისა.

იქნებ არც არაფერი არ იყოს ისე, როგორც გეგონა რომ იქნებოდა ამ მიზნის მიღწევის შემდეგ?

მართალია ლოგიკა, რაციო, გამოცდილება და ცოდნა, ყველაფერი ეწინააღმდეგება ამ სენტენციას,
თუმცა, ხომ იცით,
ძნელია, როდესაც იცი, ძალიან მალე მოხდება შენი წარმოდგენების და რეალობის შეჯახება.

როდესაც იცი, რომ მალე გადაბრუნდება ურემი.
და, თუნდაც ნაკლებად ალბათურ, მაგრამ მაინც შესაძლო, არასასურველი გზის არსებობასაც ვერ აიგნორებ.

თუმცა, ისიც უპირობო მოცემულობაა, რომ – ურემი უნდა გადაბრუნდეს!

უმტკივნეულოდ გადაგეტრიალებინოთ თქვენი პირადი ურმები!

პატივისცემით,
თქვენი მონა-მორჩილი

Published in: on თებერვალი 17, 2021 at 11:23 AM  კომენტარის დატოვება  

No Matter What

ტკბილებო და შაქარლამებო ❤

ხანდახან, ადამიანებს მოწმენდილ ცაზე იმდენი / ისეთი ***ეობა დაგვეცემა ხოლმე თავს,
საჭიროდ ჩავთვალე შემეხსენებინა,

რაც არ უნდა მოხდეს,
გოგონებო და ბიჭუნებო,

არ დაგავიწყდეთ და გულში გააჟღერეთ:

პატივისცემით,

თქვენი
მონა-მორჩილი

Published in: on თებერვალი 6, 2021 at 7:52 PM  კომენტარის დატოვება  

ჩიტისბრდღვნამდელ შიშებზედ.

ტკბილებო და შაქარლამებო!
მოგვიძველდა მუსაიფი ❤

მოგეხსენებათ, 2020 იშვიათი წელი იყო კაცობრიობის უახლოეს ისტორიაში.
თითოეული ჩვენგანისთვის ამბივალენტურად განსაკუთრებული.

2020 უკიდურესობების წელი იყო.
ერთ მხრივ სრულიად შეიცვალა თქვენი მონა-მორჩილის ყოველდღიურობა.
მეორე მხრივ, იმ მიზანს მიაღწია, რომელსაც გულისგამაწვრილებლად დიდხანს უმიზნებდა.

ასე რომ,
ალბათ ვერ დავიწუწუნებ.

და დადგა 2021.

ცხოვრება რის ცხოვრება იქნება,
ახალ-ახალი გამოწვევებით თუ არ აგავსო.
მიზნამდე თითქმის მისულს,
კიდევ 1-2 კილომეტრით თუ არ გადაგიწია…

და ადამიანი რის ადამიანი იქნები,
ადამიანური შფოთვები თუ არ შემოგაწვება.

ასე მოიცვა გაურკვეველმა ბუნდოვანებამ თქვენი მონა-მორჩილი.
იქამდე, სანამ გაურკვევლობას თავის სახელს დაარქმევდა.
სახელი კი ერთობ მარტივი და ყველასთვის ნაცნობია – შიში.

შიში რომ დაიღალე.
შიში რომ ვერ მიაღწევ მიზანს.
შიში რომ დიდი ხანი დაგჭირდება მიზნის მისაღწევად.
დიდი დრო.
დიდი ძალისხმევა.
შიში თუ რა იქნება მერე.
შეიცვლება რამე?
მიიღებ იმას რაც გინდა?
იქნება ის რაც გინდა?
ეღირება ჩიტი ბრდღვნად?
იქნებ კიდევ ახალი სამიზნე გამობრდღვიალდეს ჰორიზონტზე…
გაურკვეველი მომავლის შიში.
არადა გეგონა იმდენად ახლოს იყავი,
ცოტაც და ხელის გაწვდენით მისწვდებოდი.
მაგრამ ჰოი ღმერთებო!
ნურას უკაცრავად.

ასეთია ცხოვრება.
აღმართ-დაღმართებით აღსავსე.

ასეთია ჩვენი, ადამიანების ხვედრი,
ცხოვრებისეული მისიების შესასრულებლად დრო, ძალისხმევა და ენერგია გვჭირდება.

რას ვიზამთ,
როდესაც თავს ზევით ძალა არაა?
ვერც ვერაფერს.

უნდა დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი.
გავიაზროთ,
გავაანალიზოთ,
დავშალოთ მარტივ მამრავლებად.

დავალაგოთ კითხვის ნიშნები სიდიდის მიხედვით
და მივყვეთ რიგითობის პრინციპით.

ერთი რამ კი ფაქტია – რაც არ უნდა დიდი იყოს შიში,
მიზნამდე მიმავალი ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადავდგათ.

იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ,
ღირს თუ არა ჩიტი ბრდღვნად.

იმისთვის რომ ვთქვათ – შევძელი.

ამ ჭეშმარიტების გასააზრებლად თქვენს მონა-მორჩილს სასაცილოდ ბევრი დრო დასჭირდა.

ყველა რთული „შევძელის“ წელი გქონოდეთ
ტკბილებო!
ჩემი ჩათვლით ცხადია.

პატივისცემით,
თქვენი მონა-მორჩილი.

Published in: on იანვარი 15, 2021 at 7:22 PM  კომენტარის დატოვება