თეთრსევდიანი პოსტი

ორი დღე სრულიად მარტო რომ რჩები სახლში და შესაბამისად შენს თავთანაც, ადრე თუ გვიან გახსენდება სადღაც შენი უკაცრიელი ვირტუალური კუნძული რომ გაქვს, სადაც დიდი ხანია არ შეგიხედავს.

ორი დღე სრულიად მარტო რომ ხარ შენს თავთან, არაფერ განსაკუთრებულზე რომ არ გაქვს საფიქრალი, ერთგვარი სევდაც კი შეიძლება შემოგაწვეს ადამიანს. ადამიანად ყოფნის სევდა, როგორც ჩოხელი იტყოდა.

როცა მარტო ხარ გახსენდება ყველა ის შესაძლებლობა, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით მარტო არ იქნებოდი.
ჩემი მეხსიერება ხშირ შემთხვევაში ჩემი უპირველესი მტერია ხოლმე, შეიძლება სრულიად მოულოდნელად და გაუცნობიერებლად ისეთი “ბომბი” შემომიგდოს, ისეთი დეტალური სიზუსტით გამახსენოს რომელიმე კადრი, ხმა, ან მზერა, რომ ერთადერთი რისი თქმაც ამ დროს შემიძლია არის “მე მიკეთებ ამაას?!”

დიახ.
მე მიკეთებს ხოლმე.
საკუთარი ტვინი.

ოცნებები ხდება, იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე ჩვენ გვგონია, ოღონდ გულისმკვლელი ფაქტია, რომ ხშირად მაშინ ხდება, როცა ბედნიერების ნაცვლად ტკივილს, აუტანელ ტკივილს გვანიჭებს.

მახსოვს როგორ თავდავიწყებით მიყვარდა მთელი ბავშვობა ერთი “ახოვანი ყმაწვილი”, სიყვარული წმინდად პლატონური იყო, წარმოგიდგენიათ ალბათ რამდენს ვოცნებობდი მასზე, თუმცა, როცა როგორც იქნა დადგა ნანატრი დღე და ვაკოცეთ ერთმანეთს, ტირილი მომინდა. მივხვდი, გვიანი იყო. აღარ მიყვარდა. აღარც იმ კოცნას ქონდა არავითარი მნიშვნელობა და ფასი ჩემთვის, მტკივნეულია ოცნებების გვიან, ზედმეტად გვიან ახდენა.

სასაცილო და ამავდროულად გროტესკულია რომ ჩემს ცხოვრებაში ხშირად ზუსტად ასე ხდება ხოლმე. არა ერთხელ და ორჯერ აღმინიშნავს, რომ ადამიანები ასტრონომიული სისწრაფით მოდიან და მიდიან, თუმცა ისეთებიც არიან ბოლომდე რომ ვერ მიდიან და ხანდახან უკანაც იხედებიან, ცდილობენ რაღაც შეცვალონ, რაღაც ახლიდან დაიწყონ, შემდეგ ისევ მიდიან, მერე მოდიან… ხანდახან მინდა რომ დაბრუნდნენ, ხანდახან ძალიან მინდა რომ საერთოდ არ წავიდნენ, თუმცა ხომ იცით, ყველაფერი ორმხრივია, ცალმხრივი არც სურვილი კმარა და არც ძალისხმევა როგორც წესი.

ჰოდა ასე, ვერ ვემთხვევით ხოლმე… ხან მე ვარ გზის ერთ მხარეს, ხან ისინი და ვართ ასე, დაუსრულებლად….

ვერაფერი შეედრება იმ სევდის სითეთრეს, რომელსაც მაშინ ვგრძნობ, როცა ბრუნდება და ცდილობს როგორმე ის გააცოცხლოს ჩემში, რაც დიდი ხნის წინ გაქრა და გაფერმკრთალდა. გაქრა იმიტომ რომ დააგვიანა. გაქრა იმიტომ რომ ყველაფერზე მაღლა ჩემს ნერვულ სისტემას ვაყენებ როგორც წესი.

ვერაფერი შეედრება იმ სევდის სითეთრეს, რომელსაც მაშინ ვგრძნობ, როდესაც ადამიანები იცვლებიან. იცვლებიან არა ოდნავ შესამჩნევად ან უმნიშვნელოდ, არამედ რადიკალურად. იცვლებიან იმდენად, რომ ხდებიან უცხოები, სრულიად უცხოები, მე კი ვრჩები რეალობას და ილუზიას შორის, ილუზია რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ აშკარა რეალობა იყო, თუმცა ამჟამინდელი რეალობა მას უსუსურ მირაჟად და საეჭვო სიზმრად აქცევს.

სევდიანია იმის გააზრება რომ ის ყველაფერი, რის გამოც გიყვარდა, უბრალოდ აღარაა და ამ “ახალ რეალობასთან” საერთო უბრალოდ არაფერი გაქვს, საერთო კიარა, არც კი იცნობ მას, არც გინდა რომ გაიცნო, იმიტომ რომ ჯობია ის თუნდაც “მირაჟი” ან “სიზმარი” გახსოვდეს რომელიც გაბედნიერებდა, რომელიც გიყვარდა, რომელიც გათბობდა. ასე უფრო ადვილია, შეიძლება იმის იმედიც შემოგრჩეს სადმე ოცნებების ყუთში რომ ოდესმე ისევ შეხვდები “ძველს” და ისევ გაუღიმებ.

არა იმიტომ რომ გიყვარდა, არა იმიტომ რომ გიყვარს, არა იმიტომ რომ გეყვარება, არა.
უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან კარგი იყო, უბრალოდ იმიტომ რომ გაბედნიერებდა, უბრალოდ იმიტომ რომ მასთან სულ იღიმოდი. ღიმილი კი შენი ჰობია.

ესეც ასე… კიდევ ერთი თეთრსევდიანი პოსტი ჩემს ბლოგზე. სხვანაირად არც შეიძლებოდა, ორი დღეა მარტო ვარ სახლში, მარტო საკუთარ თავთან, მარტო საკუთარ აუხდენელ თუ გვიანახდენილ ოცნებებთან ერთად. არაა მარტივი საქმე.

თუმცა, პოსტის ბოლოს, ტრადიციულად გისურვებთ და ვისურვებ ბედნიერებას.

გისურვებთ ოცნებების თავის დროზე ახდენას!

არაფერია იმაზე მტკივნეული, ვიდრე გვიან და/ან არასწორ დროს ახდენილი ოცნება,
რომელსაც არა ბედნიერების, არამედ მხოლოდ ტკივილის, სევდის, გულისწყვეტის და იმედგაცრუების მოტანა შეუძლია.

გისურვებთ ფერად დღეებს

 

 

Published in: on აგვისტო 7, 2016 at 8:14 PM  Comments (2)