დღეს თქვენი მონა-მორჩილის 29-ე წლის ბოლო დღეა.
მიუხედავად ხანგრძლივი პაუზისა, ამხელა ამბავი, ასე უთქმელად ვერ ჩაივლიდა.
ოციანი წლები სრულდება.
ღმერთი, რჯული, დიდებული წლები იყო!
ჭეშმარიტად ბობოქარი,
სავსე საოცარი თავგადასავლებით,
გამოცდილებებით, ადამიანებით, ურთიერთობებით, გაკვეთილებით და ბედნიერებებით.
ჭეშმარიტად მშვენიერი რეტროსპექტულად.
დაბადების წამიდან, ადამიანები მუდმივად რაღაცას ვსწავლობთ.
ვსწავლობთ სუნთქვას, ჭამას, სიარულს, ცურვას, ფიზიკას, ქიმიას, გეოგრაფიას, ფილოსოფიას, მორალურ თუ ზნეობრივ ღირებულებებს, იმას თუ რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და ა.შ. დაუსრულებლად.
ოციან წლებში, როდესაც ნელ-ნელა ვიწყებთ რეალური ცხოვრებისთვის თვალის გასწორებას, გვიწევს ნასწავლი თეორიების პრაქტიკაში გადატანა.
სწორედ აქ იწყება ცხვირის წამტვრევა / მიშენების დაუსრულებელი ციკლები.
იქამდე სანამ ჩვენი ცხვირები მეტ-ნაკლებად საბოლოო ფორმებს მიიღებენ.
ჩემმა ოციანმა წლებმა საოცარი გამოცდილებები მოიტანა, ეს იყო საკუთარი თავის, ძალების, უნარების, პოტენციალების –
აღმოჩენის,
გაცნობის,
შეცნობის,
შემეცნების,
გასიგრძეგანების
და, რაც მთავარია – დაფასების წლები.
ოციანი წლების ბოლოს ზუსტად ვიცი სადაა თამასა.
და შემიძლია თამამად ვთქვა –
ზუსტად ვიცი რა მინდა.
ზუსტად ვიცი რა არ მინდა.
ზუსტად ვიცი სად მინდა რომ ვიყო.
ზუსტად ვიცი სად არ მინდა რომ ვიყო.
ზუსტად ვიცი ჯანსაღი ურთიერთობების ფასი.
ზუსტად ვიცი მეგობრობის ფასი.
ზუსტად ვიცი ბედნიერების ფასი.
ზუსტად ვიცი რომ ყველა მთავარი ურემი გადატრიალებული,
გამოჩენილი გზა კი შესანიშნავია.
ოციან წლებს ვასრულებ ჩემი ცხვირის საუკეთესო ვერსიით.
რადგან ყოველი ცხვირის წამტვრევა, ავტომატურად ნიშნავს კიდევ უფრო მშვენიერი ცხვირის დაბადებას.
ოციანი წლების ბოლოს ვარ ბედნიერი.
ბედნიერი ჩემი ადამიანებით.
ბედნიერი ჩემი გაკვეთილებით.
ბედნიერი ჩემი ცხოვრებით.
ბედნიერი ჩემი ცხვირით.
და ოციანი წლების ბოლოსაც, გავიმეორებ იმას, რასაც ვამბობ რაც თავი მახსოვს –
მთავარია ბედნიერება ❤
პატივისცემით,
თქვენი მონა-მორჩილი
❤