პოსტი ზოგად ჭეშმარიტებებზე ანუ იყავით ბედნიერი.

ჩემო კარგებო, საყვარლებო, მეგობრებო, თანამოაზრეებო, ნაცნობებო თუ უცნობებო, შემთხვევითო სტუმრებო თუ მეტ–ნაკლებად სტაბილურო მკითხველებო, მინდა პირველ რიგში და როგორც ყოველთვის ბოდიში მოგიხადოთ ჩემეული ხანგრძლივი პაუზების გამო.

მე ბედნიერი ვარ.  ბედნიერი ვარ იმით რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ბედნიერი ვარ იმით რომ ხანდახან მაინც მხვდება ჩემი ნაწერის ისეთი შეფასება რომელიც მაფიქრებინებს რომ ღირდა, ღირდა მეწერა, ღირდა მქონოდა ბლოგი აგერ უკვე მეოთხე წელი. ხშირად ადამიანებს გვერევა სად გადის რაციონალური ზღვარი ფასადურობას და რეალურ საქმეს შორის, პოპულარობას და რეალურ, ერთგულ მკითხველს შორის. ხშირად ვწერთ მხოლოდ იმიტომ რომ “უნდა” დავწეროთ, ხშირად ვაკეთებთ ბევრ რამეს იმიტომ რომ “უნდა” გავაკეთოთ, დრო კი გადის. იმაზე გაცილებით სწრაფად გადის ვიდრე მე, შენ, ზოგადად ყველას გვგონია. გადის და ტოვებს სიცარიელეს, სიცარიელეს რომელსაც ყველაზე ცუდი გემო აქვს.

ბედნიერია ადამიანი რომლის მოვალეობები/პასუხისმგებლობები ემთხვევა და მოიცავს იმას რისი გაკეთებაც სურს. სამწუხაროდ ასეთი რეალობა ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ბედნიერი გამონაკლისია. მე ვფიქრობ რომ ყველაფერი რაც ხდება მიზეზ–შედეგობრივი ლოგიკური ჯაჭვის ნაწილია, ამიტომ როცა მიხვდებით რომ არ ეკუთვნით ბედნიერი გამონაკლისების კატეგორიას, პირველ რიგში იმაზე იფიქრეთ თუ რატომ, რამ განაპირობა ეს, შემდეგ გაიაზრეთ რა გჭირდებათ საიმისოდ რომ ბედნიერი იყოთ. ბედნიერება ფართო და აბსტრაქტული ცნებაა, საკმაოდ სუბიექტურიც, ამიტომ ფრთხილად იყავით ისეთ რამეს არ დაარქვათ ბედნიერება რაც სინამდვილეში უბრალოდ ამბიციაა და მეტი არაფერი. ამბიციაც კარგია, მაგრამ ამ სიტყვის კარგი გაგებით, ცუდი გაგებით კი არაფრით განსხვავდება სიბრმავისგან, გონებრივი სიბრმავისგან.

არ აქვს მნიშვნელობა რომელი რელიგიის აღმსარებელი ხართ, შეიძლება სულაც ათეისტი იყოთ, ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ არც ეს არჩევანი გააკეთოთ ვინმეს მიბაძვით, ერთადერთი რაშიც ადამიანი ყოველთვის მართალია და ვერასდროს მოატყუებს საკუთარ თავს ეს სწორედ რწმენაა. ყველაზე ნაკლებიც სწორედ რწმენაზე უნდა ილაპარაკოთ, არსებობს თემები რომლებზეც ადამიანები ვერასდროს შეთანხმდებიან, ამ ვერ შეთანხმებას კი ხშირად მივყავარ რადიკალიზმამდე, ფანატიზმამდე და ყველა იმ “იზმ”–მდე რასაც საბოლოოდ ადამიანის გონებრივ სიბრმავემდე მივყავართ. როგორც უკვე ვთქვი არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელი რელიგიის აღმსარებლები ხართ, მთავარია გაიაზროთ და გჯეროდეთ რომ როგორც აღვნიშნე ყველაფერი ჩვენს სამყაროში მიზეზ–შედეგობრივია, მარტივად რომ ვთქვა კარმა არსებობს. ნამდვილად არსებობს, რასაც გავცემთ აუცილებლად გვიბრუნდება უკან. ზოგჯერ გვიან, ზოგჯერ იმაზე გაცილებით სწრაფად ვიდრე ვიფიქრებდით ან წარმოვიდგენდით. ამიტომ სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამთ, იფიქრეთ იმაზე თუ პირადად თქვენთვის როგორ “გადმოიდგმება” ის.

სამყარო რაციონალური წესების მიხედვით იმართება, რაც მეტად ვიფიქრებთ ამაზე, რაც მეტად დავუსვამთ საკუთარ თავს კითხვას თუ როგორ შედგა ეს წესები, როგორ “აიწყო” სამყარო, როგორ და რატომ ვართ ჩვენ იქ სადაც ვართ, რაში გვაქვს თავისუფალი ნების და არჩევანის უფლება, რატომ ვართ ისინი ვინც ვართ, რა არის დრო, ჩვენამდე რამდენი ადამიანი უყურებდა ცას რომელსაც ასე მარტივად ავცქერით ჩვენ. სევდისმომგვრელია ფიქრი იმაზე რომ ამ სამყაროში დროებითები სწორედ ჩვენ ვართ. მართლაც ჩნდება კითხვა, ადამიანი შეიქმნა სამყაროსთვის თუ სამყარო ადამიანისთვის. ფაქტია რომ სამყარო გაცილებით გრძელვადიანი და მდგრადი პროექტია ვიდრე ჩვენ, ადამიანები.

გაინტერესებთ რას ვაკეთებთ? შეხედეთ ჭიანჭველების ბუდეს და მიხვდებით რასაც ვაკეთებთ. დიდხანს თუ დააკვირდებით ალბათ გაგეცინებათ კიდეც, ისე დაფუსფუსებენ და ისეთი სერიოზულობით აკეთებენ თავიანთ საქმეს, თავს ნამდვილად ზედმეტად გაგრძნობინებენ, ალბათ სიამაყეც შეგელახებათ, თქვენ ხომ მათზე გაცილებით დიდი და ძლიერი ხართ, მაგრამ ისინი არაფრად აგდებენ ამას, თითქოს არც არსებობდეთ, იფიქრებთ ცოტაოდენი ტვინი რომ ქონდეს რომელიმეს ჭიანჭველათაგანს იქნებ ეკითხა მაინც ვინ არის და რატომ არის ვინც არისო. როცა ამას გაიაზრებთ, მერე იმაზე დაფიქრდით თავად რამდენად ხშირად სვამთ ამ კითხვას, თავად რამდენად ხშირად ინტერესდებით იმით თუ ვინ ხართ, საიდან მოდიხართ, როგორ მოდიხართ და რატომ ხართ ის ვინც ხართ.

ეს ყველაფერი არც მე არ ვიცი, არაფრით არ ვარ თქვენზე მეტი, უბრალოდ რაც ხშირად გაიხსენებთ ამ მარტივ ჭეშმარიტებას და რაც უფრო ხშირად ახედავთ ცას, მგონია რომ მით უკეთესი ადამიანები იქნებით, უკეთესი სიზმრები გექნებათ და უფრო ბედნიერები იქნებით. რეალურად იმის გააზრებაც რომ ამ სამყაროს ნაწილი ხართ, უკვე საკმარისია ბედნიერებისთვის.

იყავით ბედნიერები. ადამიანის უპირველესი და აუცილებელი მოვალეობა სწორედ ბედნიერებაა.

შემდეგ შემოხეტებამდე 🙂

Published in: on მარტი 24, 2014 at 6:57 PM  კომენტარის დატოვება  

The URI to TrackBack this entry is: https://marg0rita.wordpress.com/2014/03/24/%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%ad%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91/trackback/

RSS feed for comments on this post.

დატოვე კომენტარი